Tuesday, October 21, 2008

ბეღურა



მე ბეღურა ვარ,აი ის ბეღურა,
რომელიც ჩამწყდარ თოკზე ქანაობს,
მე მაგ ბეღურას მაშინაც ვხედავ,
როცა ის წვიმის ფიქრით ქანაობს.
მე ბეღურა ვარ,აი ის ბეღურა
შენს ფეხების წინ საკენკს, რომ კენკავს
ღამის კედლებში გარინდებულა
ჩემს სიზმრებს მხოლოდ ბეღურა ხედავს.
მე ბეღურა ვარ, აი ის ბეღურა,
მკვდარ ყვავილების ჩითს ქვეშ,რომ ეგდო
ქარი მის სიკვდილს ფერში ძერწავდა
მზე კი ზედ სხივებს აფრქვევდა ექოდ.
მე ბეღურა ვარ, აი ის ბეღურა,
მატლის სიცოცხლეს,რომ გლეჯს და სწეწავს,
თოვლის საბანში ჩახვეული და
მხოლოდ მე ვისმენ მის გულის ფეთქვას.
მე ბეღურა ვარ, აი ის ბეღურა,
თავის მომავალ გაზაფხულს, რომ სჭედს
მე ბეღურა ვარ, აი ის რომელიც,
როდესაც წყალს სვამს და
თანაც სჭვრეტს მზეს.
მე ბეღურა ვარ, აი ის ბეღურა,
ვისი გალობა, რომ იწვევს სევდას
,,ფიქრები სიზმრად გადაქცეულან."
ჩემს სიზმრებს, მხოლოდ ბეღურა ხედავს.
ჯულია ბალაკარი (მშობელი)

,,საქართველოვ, შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი..."
ობოლი და მიუსაფარი ბავშვები

ობოლი ბავშვები ძალიან დაუცველები არიან. ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ,რადგან მათ აკლიათ ის მზრუნველობა, რომელსაც ჩვენ ოჯახისაგან ვიღებთ.ჩვენს თანატოლებს არა აქვთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ჩასაცმელ-დასახური. სულიერად განადგურებულნი არიან, რადგან ენატრებათ დედის ალერსი და სიყვარული, ცხოვრების სანაგვეზე უსიხარულო,უხალისოდ ცხოვრობენ.ნაცრისფერია და უღიმღამო მათი არსებობა. ჩვენ კი მცირეოდენი წყენაც კი დიდ ტრაგედიად მიგვაჩნი. ვერც კი წარმოგვიდგენია თავი მათ მდგომარეობაში.
უფალი ხომ კეთილია და რატომ არის ზოგი ბავშვი ობოლი? ალბათ, უფალი გვიწყობს ერთგვარ გამოცდას,რამდენად შეგვიძლია ვიყოთ გულმოწყალენი და გვახსოვს თუ არა უფალი.
ბეღურებს ჰგვანან ობოლი ბავშვები. ფრინველები მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და ბეღურა მარტო რჩება ზამთრის სიცივეში..
ასე მგონია თქვენ ყველაფერს მიხვდით!
ეთიკო კვაჯაძე V კლასი

დაზამთრდა. ობოლმა ბავშვებმა ბეღურებივით მოიწყინეს.აბუზულები დახეტიალობენ ქუჩა-ქუჩა. არავის აინტერესებს მათი ბედი, არც ბავშვთა სახლშია მათი ადგილი. სხვა ბავშვები დასცინიან. მათ კი ძალიან სცივათ, რადგან დახეული ტანსაცმელი ვერ ათბობთ.
აი, ამ დროს მოფრინდნენ ნაცრისფერი ბეღურები და დაუმეგობრდნენ უპატრონო ბავშვებს. სითბოს და სიხარულს ეძებდნენ თითქოს ქუჩის იმედად დარჩენილები.
ეს არის მათი მწარე ბედი.
მე კი მინდა, ეს ზღაპარი კეთილად დამთავრდეს. გამოჩნდეს ერთი ვარდისფერი ქალი, ისინი სახლში წაიყვანოს, სითბო და დედობრივი სიყვარული არ მოაკლოს.
სოტკილავა თათია Vკლ

ზამთარი უკვე იწყებს თეთრი სამოსის კერვას, ეშინიათ მცენარეებს, ცხოველებს და იმალებიან. ზამთარიც მაშინვე გადააფარებს თეთრ სუდარას: მთებს, ველებს. წყალსაც გაყინავს. სცივათ ბეღურებს, და ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს, მაგრამ მათ სახლის სითბო კი არა, ადამიანის გულის სითბო უფრო სჭირდებათ.
ზოგჯერ ადამიანებს, არა აქვთ შვილების მოვლის საშუალება,ამიტომ ბავშვთა სახლში იზრდებიან მათი შვილები. მათ მასწავლებლებიც ჰყავთ და მომვლელებიც.იქ არც გემრიელი საჭმელები აკლიათ, ნაირ-ნაირი თამაშებითაც ერთობიან, მაგრამ მაინც გულნატკენები არიან.ამ ნაცრისფერ ბეღურებს გავუნაწილოთ ცოტაოდენი სიყვარული, თორემ მერე ძალიან ვინანებთ.
ანა ჯანგირაშვილი Vკლ

საქართველო-ერთი შეხედვით ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ ასე არ არის. რად გვინდა ქვეყნის სილამაზე თუ ამ ქვეყანაში ამდენი ობოლი და მიუსაფარი ბავშვი იქნება. გაივლი თავისუფლების მოედანზე და დაინახავ ულამაზეს შენობებს, შადრევნებს და ამ შენობების ძირში კი პატარა, ბეღურებივით უმწეო არსებებს-ობოლ და მიუსაფარ ბავშვებს, რომელთაც იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ შიმშილის გრძნობა სულ ცოტათი მაინც დაიკმაყოფილონ და ამიტომ ხელგამოწვდილები დადიან ქუჩა-ქუჩა და დახმარებას ითხოვენ, რათა ლუკმა-პურის ფული იშოვონ. ასე დახეტიალობენ ქუჩა-ქუჩა სიცხეში და სიცივეშიც, თოვლშიც და ყინვაშიც. ამას რომ ნახავ აუცილებლად გაგიჩნდება კითხვა-რად გვინდა ისეთი საქართველოს სილამაზე, სადაც ასეთი პატარა ბეღურები ცხოვრობენ? რად გვინდა ისეთი შადრევნები, რად გვინდა ისეთი შენობები, როგორიც საქართველოშია, მაშინ როცა ეს პატარა, ნამცეცა და დაუცველი არსებები ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები, როცა მათ ქუჩა-ქუჩა სიარული და მათხოვრობა უწევთ იმისათვის, რომ როგორმე გადაურჩნენ სიკვდილს, მაგრამ ყველას ხომ არ შეუძლია ასე იშოვოს პურის ფული? ამიტომ მათ ერთადერთი არჩევანი რჩებათ გაჭირვების გადასალახავად ქურდობა დაიწყონ, ამიტომ თუ გვინდა საქართველო იყვოს ლამაზი ქვეყანა, უნდა გადავჭრათ ობოლი და მიუსაფარი ბავშვების პრობლემა. საქართველოში ქურდობაც შემცირდება და მომავლისაც აღარ შეგვეშინდება.
ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვებს დაეხმარონ, გადააარჩინონ, რომ ჩვენი ქვეყანა ბეღურაც არ დაემსგავსოს.
მეტრეველი თამარი VIIIკლ.

ბავშვობის წლები დაუვიწყარია,მაგრამ ცრემლითაა სავსე ბოროტებითა და შურით გულნატკენი ადამიანის თვალები.ობოლი და მიუსაფარი ბავშვები სტივა საქართველოს.სკოლის მერხთან ერის მომავალი ზის. ძნელია ცდუნებას გაუძლონ დამშეულმა და დაძონძილმა ბავშვებმა. ცხოვრება, ხომ გამოცდაა.
სიტყვა ობოლი შიშს მგვრის, რადგან ჩემი მშობლების გარეშე,სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ამის გაფიქრებაზე თითქოს სინათლე მიქრება თვალებში და ბავშვობას მიმახინჯებს,გული მეკუმშება.
ბეღურა ობოლი და მიუსაფარი ბავშვებია, რადგან ზამთარ-ზაფხულ სცივათ. ისინიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ.უგზო-უკვლოდ, სამოწყალოდ გადმოგდებული ოცი თეთრის ამარა დარჩენილები, წებოთი თვრებიან. თბილი საცხობების ახლოს მობუზულები.ასეთია ობოლი და მიუსაფარი ბავსვების ცხოვრება.მათთვის არც თეატრია და არც ტელევიზორი,ალბათ არც წერა-კითხვა იციან.მათი ცხოვრება ომია.სასტიკია ამ ომის ნამდვილი სახე.
სორდია სალომე VIIIკლ.

ბეღურებვით შეყუჟულიყვნენ პატარა, უმწეო ბავშვები ერთ დიდ ოთახში, სადაც დიდი სითბო, ჰარმონია და მაინც გულისტკივილი სუფევდა. პატარებს ცხვირები მიეყრდნოთ ფანჯრებზე და მათი დარდის პატარა ნაწილს თითქოს თან ატანდნენ პაწია ფიფქებს, რომლებთაც მთელი ტყე თეთრად გადაებარდნათ. გრძნობდნენ,რომ მათ იქვე ერთ დიდ ნაძვთან მდგარი თოვლის ბაბუა ხელს უქნევდა და სურვილების ასრულებას ჰპირდებოდა. პაწიები კი მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს, როდესაც ისინი დედასთან და მამასთან ერთად გაიღვიძებდნენ. ამის გაფიქრებაზე პატარაებს იმედი ესახებოდათ გულში, რომელიც მათ გულს იის ნაზი სურნელივით მოეფინებოდა და მთელ სხეულს ავსებდა.
ამ დიდ ოთახში პატარები, პატარა ბეღურებივით აქა-იქ ჩამომსხდარიყვნენ. ზოგი ბუხრის წინ ეფიცხებოდა ცეცხლს, ზოგი შემოდგომის ფოთოლივით გაცვეთილ ხალიჩაზე მოკალათებულიყო, ზოგი ფანჯრის რაფასთან მიმჯდარიყო, ახალი წლის სურვილებს ერთმანეთს უზიარებდნენ, ზოგს ცხვირი ფანჯარაზე მიედო და თვალდაუხამხამებლად უყურებდა ნათელი შუქით მოცული დიდ სავსე მთვარეს, რომლის წინაც სანუკვარი სჩუქრით გატენილი, ირმებში შებმული მარხილით ჩაიქროლებდა თეთრწვერა თოვლის ბაბუა, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი სურვილის ასრულებას სთხოვდნენ, ეს კი ბევრ კამფეტებსა, შოკოლადებს და ტკბილეულსაც კი ერჩივნათ. მათ სურდათ ეგემათ ის დიდი მშობლიური სითბო, რომელიც ეს ბოლო წლებია მოენატრათ.
ისინი დიდ ოთახში დარბოდნენ და დიდ ნაძვის ხეს სათამაშოებით რთავდნენ. ამ ყველაფერს სამოვნებით აკეთებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ თუ გულით ინატრებ, თოვლის ბაბუა ნატვრას აუცილებლად აგისრულებს.
გარეთ თანდათან თეთრდებოდა მიდამო. ოთახის წიაღში დაგროვილი სითბოს ჰარმონიაში ჩაძინებულ ბავშვებს მელოდიასავით ჩაესმოდათ ყურში დედის სიმღერა, ალერსი და ისინი ნელ-ნელა სიზმრების უსაზღროებაში იძირებოდნენ.ძალიან ფაქიზი იყო ღვთისმშობლის ხელები.საოცარი შუქი გამოკრთოდა ღვთისმშობლის თვალებიდან. რაღაც იდუმალი სხივით ანათებდა საშობაო ნაძვის ხე.
გარეთ კი თოვდა და თოვდა….
რურუა თამუნა VIIIკლ.

წელს დიდსა და პატარას ჩაგვიმწარდა სიცოცხლე , რადგან ცრემლიანი ზაფხული გვქონდა. რუსეთი საქართველოს ბომბავდა. მათ გორში, ფოთში და საქართველოს ყველა კუთხეში ბომბები ჩამოყარესეს. დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიჭრა და დაიხოცა მშვიდობიანი ხალხი . უამრავი ადამიანი გაუბედურდა, დედაქალაქებსა თუ რაიონებში გაჩნდა ასობით და ათასობით ლტოლვილი. რუსებმა მძევლად აიყვანეს მოხუცებულები და ბავშვები.
ბევრი ბავშვი დაობლდა, მათ დახმარება სჭირდებათ. ისინი ხომ პატარა ბეღურებივით მობუზულები ელიან დახმარებას სახელმწიფოსაგან. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ,რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ ობოლ და მიუსაფარი ბავშვებს.
ჩიტაური დეა VIIIკლ.

ობოლი და მიუსაფარი ბავშვები საქართველოში ძალიან ბევრია. ამ ომმა ძალიან ბევრი ბავშვი დატოვა ობლად და უსახლკაროდ. არავინ იცის,, თუ რა ტკივილია თითეული ბავშვის გულში. უსახლკაროდ დარჩენილ ბავშვებს, რომ ვუყურებ,მათ თვალებში რაღაც ისეთს ვხედავ მზარავს…! ვგრძნობ, რომ მათ ძალიან ბევრი გადაიტანეს. საქართველო , როგორც პატარა ბეღურა ნაცრისფერი და მიუსაფარია.
ირემაშვილი თინათინ VIIIკლ.

No comments: